* * *

  მე დავბრუნდი...  საიდანაც მუდამ ვბრუნდები - პურის ყანიდან, მზესუმზირის ყვავილებიდან... ხიმენესიდან, კავაბატადან და ყველაფერს ვიწყებ თავიდან...
     თმაში ჩარჩენილ თივის ღერებს უხმოდ ვიშორებ და მეწვის ზურგი, რადგან მთელი გზა მზე მომქონდა ძველი ზურგჩანთით...
    არა და არა! გთხოვ, ქურდობად ამას ნუ ჩათვლი, არც მიფიქრია ვინმეს გაძარცვა, მზეს ვიპარავ მხოლოდ ხანდახან და ისიც ჩემს წილს, რომ სულში მენთოს დღეა თუ ღამე... ამ დამწვარ ზურგს კი ეშველება, ბატონო, რამე...
   ტკივილს მოვითმენ... და შენ მოგწრ გარდასულის ფერსა და ხიბლზე ასე ურჩი და თმაშეკრეჭილი ყველა თარაშ ემხვარის ჯიბრზე...
    ამოვალაგებ ზურგჩანთიდან მზეს და დროისგან ფერფლადქცეულ ცისფერ ვარსკვლავებს... შენც ხომ ინახავ ასეთ რამეებს და ხომ გაწვალებს დროის დინება?..  დარდის მდინარეს ისე მიაქვს ყოფნის ხალისი... ერთხელ იქნება დაიხრჩო კიდეც რადგან არავინ ამ მდინარეში ცურვა არ იცის...
    არც მე არ ვიცი, თუმცა ხანდახან მღვრიე მდინარე გამომრიყავს უცნობ კუნძულზე, პურის ყანებში, მზესუმზირებში, სადაც სიზმრები ფერადდება ქარის ჩურჩულზე...
    მერე დრო გადის...
     და ერთხელაც, ღამით, მძინარე გამოვფხიზლდები... და გავრბივარ შორს კუნძულიდან, სიხარულიდან... რადგან, ვგრძნობ, ისევ როგორ მიხმობს დარდის მდინარე...
    ჰოდა ვბრუნდები... ნაქურდალი მზით და სურნელით- პურის ყანების, მზესუმზირის, ატმის ყვავილის....
    მოვიგონებ და სიხარული სხეულს დაივლის, რომ სადღაც ჩემი ქვეყანა მაქვს- თეთრი კუნძული და იმ ქვეყნიდან მოტანილი მზის სხივის შუბით განიგმირება დარდის ურჩხული...

1 комментарий:

  1. გაზაფხული ყველაფერს იწყებს თავიდან!

    ОтветитьУдалить